აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს და თანამშრომლებს აჭარის კულტურის მინისტრთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ ახალი სეზონისთვის მზადებასთან, შემოქმედებით გეგმებთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა.
შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა ბათუმის დრამატული თეატრის როლს რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში და აღნიშნა, რომ თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა, მისი ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„მოვისმინეთ თეატრის თანამშრომლების მოსაზრებები და ინიციატივები. განვიხილეთ არსებული პროგრამები და სამომავლო გეგმები, რომლებიც შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობასა და თეატრის თანამშრომლებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ითვალისწინებს. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ გასტროლებს და ქართული თეატრალური ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას, რაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ახალი პრემიერებისა და აღიარებულ რეჟისორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც მსახიობებს პროფესიული ზრდის, ახალი გამოცდილების მიღებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშუალებას მისცემს.
მთავრობის თავმჯდომარემ თეატრის მსახიობებსა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა რეგიონის კულტურულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებული შემოქმედებითი სეზონი უსურვა.