აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს რეგიონის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ზაზა შავაძესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად გაეცნო.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, გზების რეაბილიტაცია და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, განსაკუთრებით იმ ლოკაციებზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორების გადაადგილების მაღალი ინტენსივობაა.
,,უსაფრთხო და ხარისხიანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში გადაადგილება იყოს კომფორტული და უსაფრთხო. იქნება მაქსიმალური კონტროლი, რომ ყველა პროექტი დადგენილ ვადებში დასრულდეს. ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გვქონდეს თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამუშაოები ხუცუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, მესხიძეები-ბაჯელიძეების მიმართულებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 850 მეტრ მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა - საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულებულია, ამ ეტაპზე კი სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტირებული გზით სოფელში მცხოვრები 30 ოჯახი ისარგებლებს.
ინტენსიური სამუშაოებია მაჭახლის ხეობაში, სადაც ოთხ ლოკაციაზე საყრდენი კედლების საძირკვლის არმირება და ცემენტ-ბეტონის ჩასხმა მიმდინარეობს. რამდენიმე დღეში სამუშაოები დამატებით ექვსი მიმართულებით დაიწყება. პროექტის ჯამური ღირებულება 3 967 683 ლარია.
მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის, რეგიონის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები გაეცნენ.