ჯერჯერობით ჩვენ არ ვგეგმავთ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას, მაგრამ თუ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ელექტორალურად მომგებიანი იქნება, დავფიქრდებით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „გირჩი“ წაგებულ თამაშში შესვლას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
„ვითარებაში, როცა ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი აურზაურია და მოგების შანსი ძალიან დაბალია, წაგებულ თამაშში შესვლას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. თუ ელისაშვილი იქნება კანდიდატი, მისი დამარცხება მარტივი იქნება, მათ შორის, ჩვენთვისაც. მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე ადგილი დაიკავო თბილისში და ყველაზე მაღალრეიტინგული ოპოზიციური პარტია გახდე, ღირდეს კანდიდატის დაყენება, მაგრამ ზოგადად ის, რაც გალილეომ მოაწყო, კანდიდატებზე, არჩევნებზე და ა.შ. ცოტა სასაცილოა. არ მგონია, რომ სერიოზულად განიხილებოდეს ელისაშვილის კანდიდატურა, თუ მოგებაა მიზანი. თუ უბრალოდ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ისიც უცნაურია, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი კრიტიკა მოჰყვა ამ ყველაფერს მათ მიმართ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.