თბილისის საკრებულოში საბურთალოს მეექვსე ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ ნიჟარაძემ მოსახლეობას 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. ანგარიშის პრეზენტაციაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს რაიონის მოსახლეობა ესწრებოდა, არჩილ ნიჟარაძემ მის სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
დეპუტატმა მოსახლეობას 2026 წლიდან სახელმწიფოს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამგეობის მიერ საბურთალოს რაიონში სკოლების რეაბილიტაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 161-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. დეპუტატის თქმით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 500 კვ.მ-მდე ფართობის სპორტულ მოედანს, უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია 195-ე საჯარო სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება პეკინის, ბახტრიონის, დოლიძის, ხილიანისა და კოსტავას ქუჩებზე მიმდინარე და განხორციელებულ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, არჩილ ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის სამუშაოები სამ მისამართზე უკვე დასრულდა. ასფალტის საფარი 18 419 კვ.მ ფართობზე დაიგო, მოეწყო ბორდიური და სანიაღვრე სისტემა. დეპუტატის განცხადებით, ამ დროისთვის იყალთოს ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი ქსელების მოწყობა მიმდინარეობს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც მაჟორიტარმა თქვა, 2 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. აგრეთვე, სხვადასხვა მისამართზე მოწესრიგდა შიდა ეზოებიც და ჩატარდა ორმოული სამუშაოები.
საბურთალოს მეექვსე ოლქის მაჟორიტარმა სამაჟორიტარო ოლქში რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობის შესახებაც ისაუბრა. ამ მიმართულებით რაიონში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. 7 მისამართზე განახლდა მოსასვენებელი სივრცეები, ხოლო 43 მისამართზე ფრაგმენტული კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა.
რაც შეეხება სპორტული სივრცეების მოწყობას, არჩილ ნიჟარაძის თქმით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით სპორტული მოედნები 6 მისამართზე რეაბილიტირდა.
საბურთალოს მეექვსე ოლქის მაჟორიტარმა განსაკუთრებული ყურადღება საცხოვრებელი კორპუსების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა. ეს პროექტები ლიფტების განახლებას, სახურავებისა და წყალსაწრეტი მილების შეკეთებას, წყალსადენისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას და სადარბაზოების მოწესრიგებას მოიცავს. არჩილ ნიჟარაძის თქმით, ამ მიმართულებით საბურთალოს მეექვსე ოლქში არაერთი პროექტი დაფინანსდა.
ანგარიშის ბოლოს არჩილ ნიჟარაძემ საბურთალოს მეექვსე ოლქში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. ამ ეტაპზე დოლიძის, პეკინისა და ჩიქოვანის ქუჩებზე სკვერების კაპიტალური რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტების ფარგლებში მოეწყობა საბავშვო და ფიტნეს ზონები, განახლდება განათებები და სარწყავი სისტემები, მოეწყობა საპარკინგე სივრცეები, დაიგება ასფალტის საფარი, დაირგვება რულონური ბალახი და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები. ერთ-ერთ მისამართზე ასევე იგეგმება არსებული ავტოფარეხების დემონტაჟი და ტერიტორიის სრულად მოწესრიგება.