ბოლო წლებში ძალიან ბევრი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება რეგიონებში ცენტრალური ხელისუფლების მიერ და, ასევე, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მიზნობრივი დაფინანსებები ინფრასტრუქტურის მიმართულებებით, მათ შორის, განსაკუთრებით თვითმმართველ ქალაქებში, - ამის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ფოთის მუნიციპალიტეტი, უკვე მეორე წელია, 20 მლნ ლარის დაფინანსებას იღებს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
„ფოთთან მიმართებაში შემიძლია გითხრათ, რომ უკვე მეორე წელია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დამატებით - 20 მლნ ლარის დაფინანსებას ვიღებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებულად, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ ვიმუშაოთ პროექტების ხარჯეფექტიანობის გაზრდაზე, ხარისხის მნიშვნელოვნად შენარჩუნებასა და პროექტების შესაბამის ვადებში განხორციელებაზე, რაზეც გვქონდა დღეს საუბარი. განვიხილეთ სამომავლო გეგმები, გრძელვადიანი, 10-წლიანი გეგმის განხორციელების კუთხით ვმუშაობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მუნიციპალიტეტების გეგმაზომიერი განვითარების მისაღწევად,“- აღნიშნა ფოთის მერმა.