ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან ნახანძრალი ტყის აღდგენის პროცესს გაეცნო. ადგილზე შეფასდა განხორციელებული სამუშაოები და აღდგენილი ტყის მიმდინარე მდგომარეობა.
2008 წელს, აგვისტოს ომის მოვლენების დროს, ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარმა 950.9 ჰექტარი ფართობი მოიცვა, მათ შორის სრულად განადგურდა 250 ჰექტარი სოფელ დაბასთან. ტყის აღდგენის სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე 2013 წელს დაიწყო, თუმცა 2017 წელს განმეორებით მომხდარმა ხანძარმა აღდგენილი ფართობებიც დააზიანა.
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის აღდგენის ღონისძიებები 2017 წელსვე განაახლა და ჯამში კომპლექსური სამუშაოები 636 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა. ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, 144 ჰექტარზე 345 530 სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო, ხოლო 492 ჰექტარზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები განხორციელდა.
„სატყეო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად იზრდება დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები. სატყეო სააგენტოს მიერ განახლდა ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების გრძელვადიანი გეგმა, რომლის თანახმადაც, 2025-2036 წლებში ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 000 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდება“, - აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.
დღეისათვის ნახანძრალი ტყის ფართობებზე პერიოდული მონიტორინგი მიმდინარეობს. სპეციალისტების შეფასებით, აღდგენილი ფართობების მდგომარეობა დადებითია და დამატებით ინტენსიურ ჩარევას არ საჭიროებს.
ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება და ამ მიმართულებით სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება.