სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე პასუხისგებაშია მიცემული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში და ამავე მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ყალბი ცნობა გასცა, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 6 300 ლარის ღირებულების 1 900 კვ.მ და 22 800 ლარის ღირებულების 6 620 კვ.მ მიწის ნაკვეთები. ყალბი ცნობა გასცა ამავე მუნიციპალიტეტის ყოფილმა წარმომადგენელმა სოფელ ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში, რის შემდეგაც მოქალაქემ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3 216 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში დაირეგისტრირა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.