ეროვნულ გალერეაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „რობერტ სტურუა (უფროსი)“ პრეზენტაცია გაიმართა.
გამოცემა ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ფერმწერისა და მონუმენტალისტის, საქართველოს სახალხო მხატვრისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, რობერტ სტურუას დაბადებიდან 110 წლისთავს.
კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული ალბომი ასახავს გამორჩეული ხელწერის მქონე ხელოვანის შემოქმედებას, მათ შორის, ღვაწლს ქართულ მონუმენტურ, მონუმენტურ-დეკორატიულ მხატვრობაში, ასევე, ქართული ლიტერატურის კლასიკოსების ნაწარმოებების ილუსტრირების შექმნაში. რობერტ სტურუა ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარია, ვინც ეპოქის დოგმების პარალელურად, სრულიად დამოუკიდებელი და მკაფიო ინდივიდუალური ხელწერის შექმნა შეძლო.
წიგნ-ალბომის წარდგენის ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა დაესწრო.
„რობერტ სტურუა უფროსის შემოქმედება სათანადოდაა დაფასებული როგორც პროფესიულ წრეებში, ისე ხელოვნების მოყვარულთა შორის, თუმცა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს უნიკალური მემკვიდრეობა უფრო ფართო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის იყოს ცნობილი და ხელმისაწვდომი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს გამოცემაც. საქართველოს კულტურის სამინისტრო კი, როგორც ამ პროექტის მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, მომავალშიც განაგრძობს ამ ტიპის ინიციატივების ხელშეწყობას“, - აღნიშნა ნათია შამათავამ.
პროექტისა და იდეის ავტორია რეჟისორი რობერტ სტურუა, ხოლო ტექსტის ავტორი - ირინე აბესაძე.