განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი 

მშობლებს საქართველოს ყველა რეგიონში ექნებათ საშუალება, შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტებში ან ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე: formebi.emis.ge

პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:

 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას

რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას

15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნება.

ახალი პლატფორმა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა წარუდგინეს.

ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეიძინოს სასკოლო ფორმა ონლაინ და მიიღოს შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს. სასკოლო ფორმების პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციას სასკოლო ფორმების მოდელების ღირებულებისა და ზომების შესახებ, ასევე, ნახავენ საბანკო შეთავაზებებსა და რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებს. სასკოლო ფორმების ონლაინ პლატფორმის გამართულად ფუნქციონირებასა და მართვას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) უზრუნველყოფს.