შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მინისტრმა ორი ქვეყნის ერთობლივ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და ამ პროცესში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ჩართულობის მნიშვნელობაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა.
დავით სონღულაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ იაპონელების გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, საქართველოში მეტი თანამედროვე ტექნოლოგიის შემოტანა-დანერგვა განსაკუთრებით ღირებულია. ყურადღება გამახვილდა ჩაის წარმოების მიმართულებით მხარდაჭერის საკითხზე, რაც ფერმერებსა და მწარმოებლებს პროდუქციის ხარისხის და რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.
მინისტრი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მასზე მოთხოვნის ზრდის საკითხსაც შეეხო.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო „ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის“ (JCM) ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს იაპონიასთან ემისიების ვაჭრობის სქემის „ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის“ (Joint Crediting Mechanism (JCM)) ჩამოყალიბებაზე, რომლის მიზანია დეკარბონიზაციის წამყვანი ტექნოლოგიების, სისტემების, სერვისების დანერგვა
და ინფრასტრუქტურის მოწყობა.
იაპონიის ელჩის განცხადებით, იაპონია-საქართველოს შორის თანამშრომლობა აქტიური და წარმატებულია. იაპონიის მხარე მზადაა თანამშრომლობა გაგრძელდეს, მათ შორის, გამოცდილების, ცოდნის გაზიარების, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.