გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში  ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.

სამართალდარღვევები დაფიქსირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში, სახელმწიფო ტყეში. ტერიტორიიდან ამოღებული და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამის „საქმიან ეზოში“ გადატანილია „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის სახეობის 11 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).

სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2100 ლარზე მეტია. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. „ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. გამკაცრებული კანონმდებლობის, გაძლიერებული კონტროლისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება.  თუმცა, რადგან ბრაკონიერობა გამოწვევად კვლავ რჩება, მკაცრი კონტროლი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.  შედეგად, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, 2025 წელს უკანონო ტყითსარგებლობის  300-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზვიად შურღაიამ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ, რათა დროულად მოხდეს ტყით უკანონო სარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია. მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.