აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო- აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიცია განახლდა. ამ ეტაპზე სამუშაოები ციხის სამ უბანზე მიმდინარეობს.
ექსპედიცია აგრძელებს რომაული, ბიზანტიური და ოსმალური კულტურული ფენების შესწავლას. აღმოჩენილია ამ ეპოქებისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური არტეფაქტები. საინტერესოა ციხის სამხრეთ კარიბჭესთან გამოვლენილი დიდი ზომის ქვის ნაგებობის ნაშთები და კრამიტიანი სახურავის სქელი ფენა, სადაც ნაპოვნია ახ. წ II და III საუკუნეების მასალა, მათ შორის იმპერატორ ანტონინე პიუსის (138-161 წწ) და სეპტიმიუს სევერუსის (193-211წწ) სახელით მოჭრილი მონეტები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ამავე უბნის ბიზანტიურ ფენაში მიკვლეული იუსტინიანე I (527-565 წწ) სახელით მოჭრილი ვერცხლის მონეტა, რომელიც აფსაროსში პირველად აღმოჩნდა.
სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ექსპედიციაში მონაწილეობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. (ექსპედიციის ხელმძღვანელი-პროფესორი მერაბ ხალვაში)- ნათქვამია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.