პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივებზე და მაისში  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტზე. 

დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ მაისში საქართველოში დაგეგმილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობებისკენ.  

„საქართველოში, მაისში დაგეგმილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტის წინ, მათი მხრიდან საქართველოსთან, როგორც პარტნიორ ქვეყანასთან მიმართებით გაჟღერდა პოზიტიური გზავნილები. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ 2022 წელს „ხალხის ძალამ“ სიმართლე უთხრა საზოგადოებას. ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ამერიკის ელჩი საქართველოში პირდაპირ ახდენდნენ ზეწოლას საქართველოზე. ამ სიმართლის გატანა ხალხში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძნელი იყო, ჩვენ, „ხალხის ძალამ“ მაინც შევძელით. მას შემდეგ, რაც საზოგადოება აღიჭურვა სიმართლით ხელისუფლებას მიეცა საშუალება, გაეკეთებინა მანევრირება და ქვეყანამ თავიდან აიცილე მეორე ფრონტი, ოჯახური ღირებულებების შეურაცხყოფა და .ა.შ.

როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ტრამპის ადმინისტრაციას, მისი წინამორბედი ადმინისტრაციის მხრიდან  საქართველოსთან მიმართებით მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. მათ თითქმის ერთი წელი დასჭირდათ პარტნიორული ურთიერთობების გადასახედად. 


კარგია, რომ ჩვენ, მაშინ როცა ეს საჭირო იყო ვპოზიციონირებდით, როგორც ღირსეული სუვერენული სახელმწიფო, როგორც ამერიკასთან, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობაში. ჩვენ ვიყავით მართლები, ვიდექით სიმართლის მხარეს და ამიტომაც ახლა ჩამოდის ამერიკადან დელეგაცია და არის პოზიტიური გზავნილები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი იქნება პარტნიორული ურთიერთობებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა