ინდონეზიის პოლიციამ კვირას, 12 აპრილს განაცხადა, რომ მკრეხელობის ბრალდებით ორი ქალი დააკავა. დაკავების მიზეზი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო გახდა, სადაც ჩანს, თუ როგორ თელავს ერთ-ერთი მათგანი ფეხით ყურანს.
დაკავებულები, რომელთა ვინაობა და ასაკი არ სახელდება, სამართალდამცავებმა კუნძულ იავას დასავლეთით, ბანტენის პროვინციაში აიყვანეს. ინციდენტი, რომელმაც საზოგადოების მძაფრი რეაქცია გამოიწვია, ოთხშაბათს ქალაქ ლებეკში მოხდა
.
ინდონეზიის კანონმდებლობით, რომელიც მკრეხელობას კრძალავს, დაკავებულებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. აღნიშნული კანონი კრძალავს ნებისმიერ შეურაცხმყოფელ ქმედებას ან განცხადებას ქვეყნის ექვსი ოფიციალური რელიგიის (ისლამი, პროტესტანტიზმი, კათოლიციზმი, ინდუიზმი, ბუდიზმი და კონფუციანელობა) მისამართით. ასევე, დანაშაულად ითვლება მცდელობა, ხელი შეეშალოს ვინმეს ამ რელიგიებიდან ერთ-ერთის აღმსარებლობაში.