ინფრასტრუქტურის სამინისტროში არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, პარლამენტის წევრები მაია ბითაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი, ვიქტორ სანიკიძე, იმერეთისა და კახეთის მხარეებში სახელმწიფო რწმუნებულები, სპორტისა და კულტურის სამინისტროების, ბათუმის, ჭიათურის, ყვარლის და ახმეტის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე), არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.
კომისიის წევრებმა განიხილეს ბათუმის ისტორიული ბულვარის განახლების 3 კონცეფცია. დაგეგმილია ბულვარის სასეირნო ზონის და ველობილიკების, გამწვანებული სივრცისა და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია.
განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება მდინარე ჭოროხზე ბათუმი–გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის პროექტირებას, რაც ხელს შეუწყობს არსებული სივრცეების ყველა სეზონზე ფუნქციონირებას და ტურიზმის განვითარებას.
კომისიამ ასევე იმსჯელა ჭიათურაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის და ამორტიზებული სტადიონის უეფას III კატეგორიის შესაბამისი რეკონსტრუქციის 2 პროექტზე.
ჭიათურაში, არანაკლებ 6000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე უნდა მოეწყოს განახლებული ტრიბუნები, მედია სივრცე, გასახდელები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები, კომერციული და ადმინისტრაციული ზონები.
ასევე, იგეგმება საცურაო აუზისა და კალათბურთის დარბაზის სრული რეაბილიტაცია.
საკონკურსო კომისიაზე წარგდენილი იყო, ასევე, თბილისის №42 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო წინადადება.
პროექტის ფარგლებში, დემონტირებული შენობის ნაცვლად უნდა აშენდეს ახალი, 800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, შენარჩუნდეს არსებული გეგმარებითი პარამეტრები, თუმცა არქიტექტურული გადაწყვეტები სრულად უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე საგანმანათლებლო, ტექნიკურს და უსაფრთხოების სტანდარტებს.
კომისიის წევრებმა განიხილეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, შემეცნებით-ტურისტული სივრცისა და საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობის 3 პროექტი.
ალავერდის მონასტრის მნიშვნელობის გათვალისწინებით, დაგეგმილია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ერთიანად მოიცავს საინფორმაციო, საგანმანათლებლო და დასასვენებელ სივრცეებს. ამასთან, ვიზიტორთა ნაკადების მართვა უნდა გახდეს უფრო მარტივი, ორგანიზებული და უსაფრთხო.ა
ასევე, უნდა მოეწყოს როგორც მსუბუქ ავტომობილებზე, ისე ტურისტულ ავტობუსებზე გათვლილი მრავალფუნქციური ავტოსადგომი, სადაც განთავსდება ელექტრომობილების დამტენი სადგურები.
გარდა ამისა, კომისიაზე წარგდენილი იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელობის ყვარლის სახალხო თეტრის რეაბილიტაციის კონცეფცია.
პროექტის მიზანია გასული საუკუნის 60–70-იან წლებში აშენებული შენობის არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებების შენარჩუნება და მისი სრულყოფილი რეაბილიტაცია, ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესება და თანამედროვე, მრავალფუნქციურ კულტურულ ცენტრად გარდაქმნა.
საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროებს რამდენიმე დღეში გამოავლენს.