„ჩვენს პარტიაში ცვლილებები მოხდება ყრილობაზე, ყრილობაზე იქნებიან დელეგატები, პარტიის წევრები, რომლებიც თვითონ განსაზღვრავენ, რა და როგორ მოხდება. ნანუკა ჟორჟოლიანის შემოერთება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის ყველა წევრი კეთილგანწყობილია ნანუკა ჟორჟოლიანის და მისი გუნდის წევრების ხილვით ჩვენი პარტიის რიგებში. არა მხოლოდ ნანუკა ჟორჟოლიანს, არამედ სხვა პოტენციურ თუ მოქმედ წევრებს აქვთ კონკრეტული ხედვები, იდეები პარტიის რეფორმისთვის. საბოლოო ჯამში, ვის უფრო მეტი მომხრე ეყოლება, ვინ უფრო შეძლებს თავისი იდეების დამტკიცებას უმრავლესობით, ამას ვნახავთ უახლოეს თვეებში. ქალბატონ ნანუკა ჟორჟოლიანს და ნებისმიერ სხვა ადამიანსაც, რა თქმა უნდა, უკეთესი უნდა ამ პარტიისთვისაც და, ზოგადად, პროცესისთვისაც. არც ჩვენ ვართ იმის წინააღმდეგი, რომ მოხდეს პროგრესი ნებისმიერი მიმართულებით. ის რომ უკეთესის სურვილი აქვთ, არ ნიშნავს, რომ პატივს არ სცემენ პარტიას ან პარტიის წევრებს. სხვა შემთხვევაში, არც დაუკავშირებდნენ თავიანთ ბედს ამ პარტიას, თუნდაც პოტენციურად.
თავმჯდომარის არჩევა ხდება დელეგატების მიერ, მანამდე მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი. ვიდრე კონსულტაციები მიმდინარეობს, ახლა საჯაროდ ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებთ. დიდი პარტიაა და შეიძლება, ბევრი მსურველი იყოს, ბევრი ჯგუფი იყოს, რომელთაც კონკრეტული კანდიდატი ჰყავთ. ეს ყველაფერი მალე გამოჩნდება. არჩევანს აკეთებს ის დელეგატი, რომელიც დაესწრება ყრილობას. როცა ყრილობა ჩატარდება, გავიგებთ, ვინ იქნება თავმჯდომარე. პარტიაში ახალი სახე როცა ჩნდება, ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ ვინმე უკმაყოფილოა პარტიის მუშაობით. ახალი სახე ყოველთვის კარგია პარტიისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, ჯერჯერობით არ არის არსად დასახელებული, შესაბამისად, ვერ ვისაუბრებთ იმაზე, ვინ ვის დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.