არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არიან მანევრების გარეშე დარჩენილი აგენტები და ყურმოჭრილი მონები, რომლებიც გარე დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, პროფესიის მიუხედავად, საქართველოში, გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, რისი ნათელი მაგალითიც იმ კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში თავისუფლად საქმიანობდნენ, ხოლო, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსოფობები გახდნენ.
„ისიც ნათელია, ამ ხალხს რატომ დაავალეს რუსეთის წინააღმდეგ არა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, არამედ ახლა გააქტიურება. გლობალური ომის პარტიას რუსეთთან დაპირისპირებაში ევროპის ჩასართავად დღეს მიმდინარე ომის მასშტაბი სჭირდებოდა, რაც თვის მხრივ, აღნიშნული იდეის მხარდაჭერის მობილიზაციისთვის კონკრეტულ საზოგადოებებში, განსაკუთრებით კი საქართველოში ანტირუსული განწყობების გაღვივების აუცილებლობას აჩენდა. იმის გასაანალიზებლად, „დიფ სთეითის“ აღნიშნულ გეგმაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რატომ შეიძლება ჰქონოდა, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მდებარეობისა და ისტორიული კონტექსტის გააზრებაც კმარა.
პრემიერ-მინისტრმა შესანიშნავად ახსნა ის მოდელი, რომლის მიხედვითაც გარე ძალების აგენტებად ქცეული ადგილობრივი პოლიტიკოსები და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოქმედებენ, თუმცა, ზემოთ აღნიშნულ მოდელში არამხოლოდ ისინი, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც იდეალურად თავსდებიან, რაც ადასტურებს, რომ პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება. ამის საუკეთესო მაგალითი კი, კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას და იქაურ პროექტებში ჩართულობას არ ერიდებოდნენ, თუმცა, უკრიანაში ომის დაწყებიდან დღემდე, მათი რიტორიკა და ქმედებები განსაკუთრებით ანტირუსული გახდა,“ - წერს კირცხალია.