ჩვენ მოგვიწია დაახლოებით სამი ათასი ადამიანის დაპატიმრება ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რომელიც იყო პირდაპირ ჩართული ნარკოტიკების რეალიზაციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"როდესაც საუბარია გზის სავალი ნაწილის გადაკეტვაზე, ეს ძალიან ბევრ ქვეყანაში სათანადო სანქციებით ისჯება. ტროტუარზე დგომისთვის არავინ იღებს ადმინისტრაციულ სანქციას. ჩვენ მოგვიწია დაახლოებით სამი ათასი ადამიანის დაპატიმრება ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რომელიც იყო პირდაპირ ჩართული ნარკოტიკების რეალიზაციაში. თუ თქვენი პოზიციაა, რომ ეს ადამიანები უნდა გავათავისუფლოთ, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამაზე, მაგრამ დემოკრატიასთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. ვინ ზის ციხეში საპირისპირო აზრისთვის. სავალი გზის ბლოკირებისთვის ჯერ არის ფინანსური ჯარიმა და შემდეგ მაქსიმუმ ადმინისიტრაციული პატიმრობა, რომელიც როგორც წესი, მაქსიმუმ 2 კვირით შემოიფარგლება ხოლმე. ეს არ ეხება ციხეებში ადამიანების მოთავსებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის ანგარიშზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაასახელონ გვარები, ვისი გათავისუფლებაც სურთ. 

 „რას მიგვითითებენ, მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი გავათავისუფლოთ, თუ პოლიციელის შეურაცხმყოფელი ადამიანი უნდა გავათავისუფლოთ. გვარებს ვერ გვეუბნებიან, არ აქვთ, მაშინ გამოვა, რომ ისინი ღიად უნდა გამოვიდნენ ძალადობის წამხალისებლებად მოლოტოვის კოქტეილის სროლის წამხალილსებლებად. ეს არ უნდათ. უნდათ ზეპირად ზოგადი ფრაზებით ისაუბრონ, ასე არ გამოვა. კეთილი ინებონ, წარმოადგინონ გვარები, ვისი გათავისუფლებაც სურთ. ჩვენ ყოველ ჯერზე ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ღია დიალოგისთვის, ოღონდ ეს დიალოგი უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული, უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა წარიმართოს საზოგადოების თვალწინ“, - განაცხადა პრემიერმა.