გავლენიანი ფრანგული გამოცემა BFMTV სტატიას აქვეყნებს იტალიის მხრიდან უკრაინისთვის გაყინულ დახმარებაზე.
გამოცემა ეყრდნობა იტალიურ მედიას. იტალიური პრესის ცნობით, რომი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას აჩერებს, რაც უკავშირდება ნოემბრის დასაწყისში აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებსა და ქვეყანაში საგაზაფხულო არჩევნებს.
ეს უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იარაღია, თუმცა იტალია დაპირების მიუხედავად მის მიწოდებას აყოვნებს. თვეებია, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ყოველდღიურ შეტევებთან გამკლავების მიზნით საჰაერო თავდაცვის რაკეტებს ითხოვს. იტალია მას Aster-30 ტიპის რაკეტების გადაცემას დაჰპირდა, რომლებიც SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გამოიყენება. რუსული რაკეტებისა და დრონების მოსაგერიებლად, უკრაინისთვის ამ რაკეტების მიწოდება მხოლოდ იტალიასა და საფრანგეთს შეუძლიათ.
პრობლემა ისაა, რომ ეს მიწოდება, რომელიც იტალიის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილ სამხედრო დახმარების მე-13 პაკეტში შედის, შეჩერებულია. იტალიის ლიდერი ჯორჯია მელონი ოქტომბრის ბოლომდე მიწოდების პირობას დებდა, თუმცა გამოცემა La Repubblica-ს ცნობით, ამ ვადის დაცვის შანსი ნაკლებია.
18 მილიარდი ევროს დახმარება
გამოცემის ინფორმაციით, მიწოდების პროცესი ბოლო თვეებში მხოლოდ გადავადდა, მისი ბედი კი აშშ-ში ნოემბრის დასაწყისში ჩასატარებელი შუალედური არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.
“კენჭისყრის შედეგები საშუალებას მოგვცემს უკეთ გავარკვიოთ ამერიკის მომდევნო ორი წლის პოლიტიკა და დავხვეწოთ იტალიის სტრატეგია უკრაინის ომთან დაკავშირებით.” - ვკითხულობთ გამოცემაში.
იტალიური პრესის ცნობით, პროცესის შეყოვნების მიზეზი შიდაპოლიტიკური გარემოებებიცაა.
. ჯორჯია მელონი და მისი მინისტრები უკრაინის მხარდაჭერას კვლავ ღიად აცხადებენ, თუმცა ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი კიევისთვის იარაღის მიწოდებას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. რომის პოზიცია კიევის მიმართ ჯორჯია მელონისა და მატეო სალვინის შორის დავის საგანია.
იტალიაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას საპარლამენტო კომისია აკონტროლებს, რომელიც ჯერ არ შეკრებილა. მთავრობის განცხადებები კიევის მხარდაჭერაზე სულ უფრო ბუნდოვანი ხდება და მიწოდების თარიღის დასახელებას რისკად აღარავინ იღებს. La Repubblica-ს ცნობით, იტალიას უკრაინისთვის დახმარება 2025 წლის დეკემბრის შემდეგ არ გაუგზავნია.
გერმანიის კილის ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან (2022 წლის თებერვლიდან) დღემდე იტალიამ უკრაინას 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწია: 14 მილიარდი ევრო ევროკავშირის მექანიზმებით, ხოლო 4 მილიარდი ორმხრივი დახმარების სახით.