„2025 წლის მიმდინარე საქმეების სტატისტიკური მონაცემებით,  საქართველო პოზიტიური მაჩვენებლით უსწრებს ევროპის საბჭოს წევრ (მათ შორის, 19 ევროკავშირის წევრ) 29 ქვეყანას, საქმეების მოსახლეობასთან თანაფარდობის პოზიტიური მაჩვენებლით კი,  27 სახელმწიფოს, რომელთაგან  14 ევროკავშირის წევრია“, – ამის შესახებ ბექა ძამაშვილმა პარლამენტში იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატებს სტრასბურგის სასამართლოსა და გაერო-ს კომიტეტების გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ბექა ძამაშვილმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან შესული საქმეების მნიშვნელოვნად კლების ტენდენციაზე, რომელმაც 2011 წელთან შედარებით 93% შეადგინა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმეების 84%, რომლებშიც სახელმწიფოს მხრიდან დარღვევებია დადასტურებული, ეხება 2012 წლამდე პერიოდში მომხდარ ფაქტებს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების შესახებაც, რომლებიც ამჟამად აღსრულების ეტაპზეა და აღნიშნა, რომ სულ დახურულია 127 საქმე, მათგან 109  (86%) – 2013 წლიდან, ხოლო 18 – 2013 წლამდე; გასულ წელს კი, კიდევ 7 საქმე დასრულდა.