თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მედიასთან საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე ისაუბრა.
მანვე განმარტა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მზად არის ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის.
„ბევრჯერ გვითქვამს, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან კონკრეტული განცხადებებით და ქმედებებით, უნდა შეიცვალოს სამართლიანი დამოკიდებულებით. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი სამართლიან ხედვებზე უნდა იყოს დაფუძნებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს ამ ურთიერთობების გაფუჭებას, რადგან მათი აგენტურული ქსელის შესახებ ყველაფერი ნათელია.
„ოპოზიცია ქვეყნის მტერია. ისინი აგენტურის წარმომადგენლები არიან. ამ ქსელის შექმნაში ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა. ეს არამხოლოდ ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, სადაც პოლიტიკური ინტერესია გარე ძალების, ამ სქემით მოქმედებდნენ - ასე მარტივად მართავდნენ ქვეყანას. ჩვენთანაც რამდენჯერ იყო რევოლუციის მცდელობაც, ხან არასამთავრობო ორგანიზაციების, ხანაც ჟურნალისტების მიერ. ყველაფერი ხელის გულზე დევს, კარგად ვიცით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.