ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლებას აქტიურად აგრძელებს. რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა ახალი სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ნაწილი კი დასკვნით ეტაპზეა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, განახლდა საინჟინრო სისტემები. პროექტის ღირებულება 4.2 მილიონ ლარს შეადგენს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემში №1 საჯარო სკოლა 30 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და ეზო. მშენებლობა 1.3 მილიონი ლარით დაფინანსდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწში დასრულდა ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. სკოლა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 1.3 მილიონი ლარია.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემში 200 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. სკოლა მოიცავს საკლასო და რესურს ოთახებს, ICT კაბინეტს, ბიბლიოთეკას, სპორტულ დარბაზებსა და გარე მოედნებს. პროექტის ღირებულება 6.3 მილიონი ლარია. ამავე მუნიციპალიტეტში, სოფელ ზუმში, 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა ასევე დასკვნით ეტაპზეა — მისი ღირებულება 4.6 მილიონ ლარს შეადგენს.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში დასრულდა თანამედროვე საჯარო სკოლის მშენებლობა. განახლდა საკლასო სივრცეები, სპორტული დარბაზი, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა, შეიცვალა საინჟინრო სისტემები. პროექტი 1.3 მილიონი ლარით დაფინანსდა.
განხორციელებული და მიმდინარე პროექტები უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კომფორტულ და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში.