ჩვენ არ ვართ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, შესაბამისად ჩვენი თხოვნის საფუძველზე პარტნიორმა ქვეყნებმა გამართეს აღნიშნული სხდომა, ეს მუშაობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

"გაიმართა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. სხდომა გაიმართა დახურულ ფორმატში, რომლის შემდგომაც გაკეთდა საჯარო განცხადება წევრი ქვეყნების მხრიდან. საკმაოდ მნიშვნელოვანი და მტკიცე განცხადება, რომლითაც კიდევ ერთხელ მხარდაჭერილია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ხაზგასმულია ტერმინი ოკუპაცია, რაც ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში ყოველთვის მივმართავთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა გაიმართოს სხდომები, გაკეთდეს განცხადებები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვართ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, შესაბამისად ჩვენი თხოვნის საფუძველზე პარტნიორმა ქვეყნებმა გამართეს აღნიშნული სხდომა. ეს მუშაობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა დარსალიამ.

ცნობისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.

 გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოქმედი და მომავალი წევრი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.