საქართველოს მთავრობის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია წელს ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება თბილისსა და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ეკლესია-მონასტრებთან.

 „გაიმართება წვევამდელების მიერ ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია თბილისთან ერთად 12 რეგიონში, უძველეს ეკლესია-მონასტრებთან, რაც უპრეცედენტო მასშტაბია. მნიშვნელოვანია, რომ გაიმართება გალა-კონცერტები დღის ბოლოს, ასევე გვექნება სპორტული, კულტურული, საბავშვო პროგრამები და 17:10 საათზე ტრადიციულად შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი,“- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.