შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის საკონსულტაციო მექანიზმის თემატურ სამუშაო ჯგუფებთან გამართა შეხვედრები.
ლია გიგაურმა დეტალურად მიმოიხილა სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2025 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგები და პროგრესის დინამიკა ხუთი სტრატეგიული პრიორიტეტის შესაბამისი თითოეული თემატური ჯგუფის ფარგლებში: სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა; მონაწილეობა, სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია; ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება; კულტურათაშორისი დიალოგი.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას ათწლიანი სტრატეგიის შუალედური შეფასებებისა და დამოუკიდებელი ექსპერტული კვლევების ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები წარუდგინა, რაც ადასტურებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკით 2030 წლისთვის განსაზღვრული მიზნების მიღწევის რეალურ შესაძლებლობას.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილ იქნა მონიტორინგისა და ანგარიშგების ინსტრუმენტის ფარგლებში გამოვლენილი ახალი საჭიროებები. დისკუსიის ფარგლებში სიღრმისეულად განიხილეს საკითხები, რომლებიც შემდგომ ეტაპზე დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. მონაწილეები შეთანხმდნენ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლებიც უნდა იქნას გათვალისწინებული სახელმწიფო სტრატეგიის 2027–2028 წლების სამოქმედო გეგმის ფორმირების პროცესში, რაც მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საკონსულტაციო მექანიზმების ეფექტიანობის ამაღლებისა და პოლიტიკის განხორციელების პროცესში დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტრატეგიის განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართა.
თემატური სამუშაო ჯგუფი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის და 2021-2030 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობას.