„გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით,“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

„შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვადასხვა დონეზე გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან. ეს არის საუკეთესო ადგილი, შესაძლებლობა, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება კოლეგებთან გამართოს შეხვედრები სხვადასხვა საკითხზე,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.