ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფორმატი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად განიხილოს ის საკითხები, რომლებიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

 მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებსა და აღნიშნულ საკითხებზე პარტნიორების შესაბამისად ინფორმირების მნიშვნელობაზე. ამასთან, უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიმართ არსებულ დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტებზე.

 „პირველ რიგში, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი კოლეგა მინისტრები შესაბამისად იყვნენ ინფორმირებული იმ განვითარებებზე, რასაც აქვს ადგილი საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ გამოვეხმაუროთ იმ დამოკიდებულებას, რაც არსებობს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, შეუძლებელია, თვალი დავხუჭოთ ორმაგ სტანდარტებზე, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით გამოიყენება,” - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 მინისტრმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას მინისტერიალის გაშუქებისთვის აკრედიტაციაზე უარი ეთქვა.

 „შემაშფოთებელი იყო ნამდვილად იმ ფაქტის დანახვა, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, ვერ შეძლეს მათ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელება და მინისტერიალის გაშუქება. ეს ნამდვილად საყურადღებო ფაქტია და იმსახურებს, რომ ორგანიზაციის წევრებმა იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ, თუ რამდენად ხდება, ორმაგი სტანდარტების გამოყენება, მაშინ, როდესაც საუბრობენ მედიისა და სიტყვის თავისუფლებაზე. შესაბამისად, ეს ფაქტი ვერ დარჩებოდა უყურადღებოდ  ჩემი გამოსვლისას,” - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 მინისტრის განცხადებით, დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი არჩევნებია და სწორედ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება წარმოადგენს ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს.

 

„როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, შეუძლებელია, ერთი მხრივ, აკრიტიკებდე დემოკრატიულ უკუსვლას და, მეორე მხრივ, იგივე ქვეყნები და იგივე ადამინები ახალისებდნენ რადიკალურ ძალებს ქვეყანაში, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და, ზოგადად, ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის პრინციპებს. ამიტომ ასეთი ორმაგი სტანდარტი და დამოკიდებულება ყოველთვის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, შეიძლება, ეს ყველასთვის სასიამოვნო მოსასმენი არ იყოს, მაგრამ ეს არ არის შეკრება, სადაც მხოლოდ სასიამოვნო საკითხებზე უნდა ვისაუბროთ. მნიშვნელოვანია, ყველა კრიტიკულ საკითხზე იყოს ყურადღება გამახვილებული,” - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.