კომისიამ დეტალურად გადმოსცა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც ეხება დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს. ქართულმა მხარემაც წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები. დისკუსიები წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„გუშინ შედგა შეხვედრა ევროკომისიასა და ქართველი მაღალჩინოსნების დელეგაციას შორის. ეს არის სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია სავიზო რეგულაციით და, რომელიც ხორციელდება ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისას. ეს შეხვედრა და პროცესი გამომდინარეობს იმ გადაწყვეტილებიდან, რომელიც მიღებულ იქნა მარტში, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, საწყისი 12-თვიანი პერიოდით. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მას შემდეგ, რაც წევრმა სახელმწიფოებმა გასცეს თანხმობა. ამრიგად, ამ პროცესის მიზანი არის იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც გამოიწვია შეჩერება. ეს არის საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დარღვევა დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში.
გუშინდელი შეხვედრა ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, რომელიც ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე. კომისიამ დეტალურად გადმოსცა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც ეხება დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს. ქართულმა მხარემაც წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები. დისკუსიები წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ახლა მთავრობას წარუდგენენ ანგარიშს, განიხილავენ საკითხის შინაარსსა და შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
ცნობისთვის, შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: ბრიუსელში საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა სავიზო დიალოგის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის დროებით შეჩერების თაობაზე ევროკომისიის 2026 წლის 6 მარტის აღმასრულებელ რეგულაციასთან დაკავშირებით.