მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.
დღეს, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები დიდი ჭყონის და თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია და საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა, მერის პირველი მოადგილე ერეკლე ზარანდია, საკრებულოს დეპუტატები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ. საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი უყარეს და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტული პროექტები გამოვლინდა. 2026 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 12 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 74 სოფელში გაიმართა. მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტა, რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.