ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეფისქალაქი-რკონის საავტომობილო გზის 13.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები ორ მონაკვეთზე - კმ4-კმ13 და კმ13-კმ18-ზე მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე არსებული გზა ძირითადად ხრეშოვანია, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებს. პროექტის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა: დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, მიერთებები, ადგილობრივი და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, ავტოპავილიონი და საგზაო ნიშნები.
მეფისქალაქი-რკონის გზა კასპის მუნიციპალიტეტს ტურისტულად მნიშვნელოვან რკონის ხეობასთან აკავშირებს, ხოლო სოფლებს - რკონს, ჩაჩუბეთსა და ერთაწმინდას - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან. შესაბამისად, გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, ასევე ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12.4 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.