„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს ფლაგმანი და ლიდერი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. ამისთვის ნამდვილად არ დავზოგავთ არანაირ რესურსს. მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ეს იყოს მაღალი კლასის სამედიცინო დაწესებულება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ახალ პროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, თანამედროვე სამედიცინო სერვისებისთვის, ახალი მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, აღნიშნული მომსახურებების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისათვის, ახალ შენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რაზეც უწყება ასევე აქტიურად მუშაობს.
მინისტრის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი ნაგებობა ხიდების საშუალებით დაუკავშირდება კლინიკის უკვე არსებულ შენობას, რომლის რეაბილიტაციისთვისაც ასევე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.
რაც შეეხება ახალ შენობას, მისი არქიტექტურული და საინჟინრო პროექტის მომზადების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია ICME Healthcare-თან ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გააფორმა.
„შესაბამისი პროცედურების სრული დაცვით შევარჩიეთ ორგანიზაცია, რომელსაც წარმატებით აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები ევროპის სახელმწიფოებში, ყურის ქვეყნებში. ასევე აქვს მიმდინარე ძალიან სერიოზული პროექტები. ჰყავს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც გარანტიას გვაძლევენ, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რეალურად უნაკლო შენობა იქნება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.