გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სოფელ ოძისის მიმდებარედ, მდინარე ქსანზე გამოვლინდა. მოქალაქეები თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახორციელებდნენ.

ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია. ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც წყლის ბიომრავალფეროვნებას, ისე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შესაბამისად, მისი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. მყისიერი რეაგირება ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის შედეგადაც ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის გამოვლენილი ფაქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამოქმედო ტერიტორიაზე თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 50-მდე ფაქტი გამოავლინეს.