ქართული საზოგადოება იმდენად პატარაა და ყველაფერი იმდენად ხელისგულზე დევს, რომ, მგონი, ბევრი მტკიცებულება არ სჭირდება, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, თუმცა კარგად გვახსოვს შეტევა პარლამენტზე, შენობის დაწვა და შტურმი, რათა პარლამენტში შემოჭრილიყვნენ. ეს ყველაფერი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უტოლდება. იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ გამოუვიდათ, ახლა ცდილობენ, ეს საქმე რაღაცნაირად ჩაფარცხონ, მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის ნათელი იყო, რომ არჩევნების არაღიარებით რევოლუციური პროცესი წამოიწყეს. საბედნიეროდ, წარუმატებლად დასრულდა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშით, პირთა გარკვეული ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო.