2026 წლის 23 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
სახალხო დამცველმა თავისი გამოსვლა 2025 წელს კონფლიქტით დაზარალებული, (როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე) მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის მიმოხილვით დაიწყო. ისაუბრა საკუთრების უფლების დარღვევებზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ საანგარიშო წელს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 60 კილომეტრზე მეტი სიგრძის მავთულხლართები გაავლეს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ხელოვნური ბარიერების საერთო სიგრძე 50 კილომეტრს აღემატება.
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს, საოკუპაციო რეჟიმებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 32 პირი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 40 პირი დააკავეს. გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევებიც.
უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა. გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა, რის გამოც წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუმართავი სამედიცინო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის, მედპერსონალის არასაკმარისი კვალიფიკაციის, ასევე პაციენტთა გადაადგილების სირთულის გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი „რეფერალური მომსახურების“ პროგრამა.
2025 წელს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი „რეფერალური მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1406 პაციენტი დაფინანსდა. აქედან, 1131 პირი აფხაზეთიდან და 260 - ცხინვალის რეგიონიდან.