გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მონაწილე ნია იმნაძე დააკავეს - ამის შესახებ "აიპრესს" საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს,
როგორც "აიპრესს" პროკურატურაში განუცხადეს, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნია იმნაძე დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
2026 წლის 1 მაისს გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა ქეთევან სანოშემ მედიასთან განაცხადა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნია იმნაძის მოწმის სახით იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით. " მისმა ადვოკატმა წარმოადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ცნობები, რომლითაც ცდილობდა მისთვის პასუხისმგებლობა აერიდებინა, რომ გამოცხადებულიყო სასამართლოში.
საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნია იმნაძეს არ აქვს ჯანმრთელობის არანაირი სერიოზული მდგომარეობა, მძიმე მდგომარეობა, რომელიც გამორიცხავს მის მოსვლას სასამართლო პროცესზე. მას არ გააჩნია არანაირი კონკრეტული დიაგნოზი არც გულთან, არც თვალთან და არც ა.შ. სხვადასხვა ორგანოებთან დაკავშირებით, რომელიც შეუძლებელს გახდის მის დაკითხვას." - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, 2026 წლის 1 ივლისს შსს-მ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა.
2026 წლის 2 ივნისს გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ ანი ნასყიდაშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე
პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც, მისივე გადმოცემით, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს – გიორგი რიკაძეს, დემეტრე ჩიქოვანს და მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
პროკურატურის ცნობით, 2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ თავდასხმის მოსაწყობად შექმნილი, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
გამოძიების ინფორმაციით, ზემოთ ხსენებული პირების მიერ შემუშავებული გეგმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ 1-ელ ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს. კერძოდ, დაახლოებით 22:20 საათზე თბილისი, ზღვის უბნის დასახლების, მე-11 მიკრო რაიონის, მე-3 კვარტლის, №56 ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.