საქართველოს პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ „შემოსავლების სამსახური“-ს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“-ს ცვლის უფროსმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ - საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის უკანონო გადმოტანის უზრუნველსაყოფად, მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 4 000 აშშ დოლარი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქრთამის აღება დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.- ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.