საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედების შესწავლა დაიწყო. 

გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური. 

როგორც "აიპრესს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ამავე ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაბარებული არიან ალექსანდრე ტაბატაძე და კახა კახიშვილი. 

საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი ალექსანდრე ტაბატაძე. რომელიც იმ პერიოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.  

ასევე პარლამენტის ყოფილი წევრი კახა კახიშვილი. ის 2019 წელს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 

შეგახსენებთ, 2025 წლის 14 ივნისს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება. სადან ნათქვამია:

"საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაბარებულ იქნა ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს  საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს  ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.