ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, იუსტიციის სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს KIU-ს ფსიქოლოგიისა და სამართლის პროგრამების სტუდენტებისთვის სტაჟირების ხელშეწყობას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ცენტრის ბაზაზე გაიარონ პროფესიული პრაქტიკა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა: მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ბენეფიციართა მხარდამჭერი სახელმწიფო სერვისები, რეაბილიტაციის პროცესისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები.
ვიზიტისას სტუმრებმა KIU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ქუთაისის საერთაშორისო უნუვერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნა. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მერაბ ტურავამ სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. სტუდენტებისთვის გამართულ საჯარო ლექციაზე კი მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის მიმდინარე საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამებზე ისაუბრეს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო თემებზე.