შვეიცარიის ქალაქ გლანდში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის (რამსარის კონვენცია) სამდივნოსა და საქართველოს დელეგაციას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ რამსარის კონვენციის გენერალური მდივანი, დოქტორი მუსონდა მუმბა, რამსარის კონვენციის ევროპის რეგიონის უფროსი მრჩეველი ფლორ ლაფაიე დე მიშო, ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლიკა გიორგაძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კონვენციის სამდივნოს წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და განსაზღვრეს სამომავლო პრიორიტეტები. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის მტკიცე ერთგულება ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და მათი მდგრადი მართვის მიმართ.
ხაზი გაესვა საქართველოს მიერ დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, ასევე წყლის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად.
გენერალურმა მდივანმა თავის მხრივ დადებითად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა ბიომრავალფეროვნების სტრატეგიის შემუშავების, ასევე წყლის რესურსების მართვისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მიმართულებით და გამოხატა ქვეყნისთვის მხარდაჭერის მზაობა.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს კოლხეთის ეროვნული პარკის ფარგლებში არსებული ჭარბტენიანი ტერიტორიების საზღვრებთან დაკავშირებული საკითხი. საქართველოს მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, კონსტრუქციული დიალოგისა და რამსარის კონვენციის სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოს კოლხეთის ეროვნული პარკის ფარგლებში არსებული ჭარბტენიანი ტერიტორიების საზღვრებთან დაკავშირებული საკითხის ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების მიღება.