„ჩვენი მთავარი ამოცანაა სექტორის გაჯანსაღება, რისთვისაც აუცილებელია ერთის მხრივ კონტროლის გაძლიერება, ხოლო მეორეს მხრივ ისეთი პირობების შექმნა, რომელიც კერძო კომპანიებს ოპერირების უკეთეს შესაძლებლობას მისცემს“,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიური დიალოგი მიმდინარეობდა კომპანიებთან, გაიმართა არაერთი შეხვედრა და განხილვა.
რევაზ სოხაძემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რაც საბაზრო ფასებით სახელმწიფო ტენდერების გამოცხადებას, ახალი ფასების დადგენას და ინდექსაციის საკითხის მოგვარებას ითვალისწინებს.
„ეს ცვლილებები ნამდვილად რევოლუციურია სექტორისთვის. საბოლოო ჯამში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით მივიღებთ ხარისხიან პროდუქტს, დროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია “, – განაცხადა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯებით სამინისტრო მიზნად ისახავს ურთიერთობის სამართლიანი წესების დამკვიდრებას, კერძო სექტორის გაძლიერებას და ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო ეფექტიანად განხორციელებას.