რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ის პუტინის შემცვლელადაც კი მოიაზრებოდა. 

სერგეი ივანოვი ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი მაღალჩინოსანია.

ივანოვმა სადაზვერვო სამსახურებში კარიერა 1981 წელს დაიწყო, როგორც სსრკ-ის კგბ-ს პირველი მთავარი დირექტორატის ოპერატიულმა აგენტმა. 17 წლის განმავლობაში ის საგარეო დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი დირექტორატის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობამდე ავიდა.

2001 წლის მარტში ის გახდა რუსეთის ისტორიაში პირველი თავდაცვის მინისტრი, რომელიც სამხედრო პირი არ იყო.

2005 წლის ნოემბრიდან მან გააერთიანა თავდაცვის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მოვალეობები, კურირებდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და ინოვაციებს. 2011 წლის დეკემბერში ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა და დიმიტრი მედვედევის ვადის ამოწურვის შემდეგ ეს თანამდებობა შეინარჩუნა.

2016 წელს ვლადიმერ პუტინმა ივანოვი გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. კრემლის ადმინისტრაციაში ყოფნის დროს, კერძოდ, ის აქტიურად აკონტროლებდა შორეული აღმოსავლეთის ლეოპარდების პოპულაციის შენარჩუნების პროგრამას და ამიტომ თავად მოითხოვა, რომ ეს სამუშაო მისთვის დაევალათ. მიმდინარე წლის თებერვალში მან თანამდებობა საკუთარი თხოვნით დატოვა. მანამდე ის ასევე უშიშროების საბჭოს წევრი იყო.