შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალების, „მეთადონის“ რეალიზაციას ახდენდა.
„პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო უკანონოდ რეალიზებული ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.