განახლებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერ თეა ცინცაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ბავშვებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
განახლებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც აღსაზრდელების, ისე ბაღის თანამშრომლების პირობებს და ხელს შეუწყობს სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვას.
„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით №2 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ბაღი რეაბილიტაციამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, განხორციელებული სამუშაოების შედეგად კი დღეს აქ სრულიად განახლებული, თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემოა შექმნილი როგორც აღსაზრდელებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება — რეაბილიტაცია უტარდება როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, ასევე სკოლებს. ჩვენი მიზანია, ბავშვებსა და ახალგაზრდებს ჰქონდეთ თანამედროვე და მოწესრიგებული გარემო განათლების მისაღებად“, — აღნიშნა დავით ბახტაძემ.
მერმა მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში რიგ შემთხვევებში ბავშვებსა და პედაგოგებს სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დროებით განსხვავებულ რეჟიმში გაგრძელება უწევთ. მისი თქმით, შექმნილი დისკომფორტი დროებითია და პროექტების დასრულების შემდეგ ისინი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ გარემოში დაბრუნდებიან.