საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან მაისურაძემ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ დუბაიში გამართულ მსოფლიო პოლიციის სამიტში მიიღო მონაწილეობა.

ლევან მაისურაძე დაესწრო სხვადასხვა თემატურ სესიას, სადაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციისა და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები განიხილეს.

სამიტის ფარგლებში ლევან მაისურაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა დუბაის პოლიციის საგზაო მოძრაობის გენერალური დეპარტამენტის დირექტორთან, ჯუმა სალემ ბინ სუვაიდანთან.

მხარეებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მოძრაობის მართვისა და თანამედროვე საპოლიციო მიდგომების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

მსოფლიო პოლიციის სამიტში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები, დარგის ექსპერტები და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები.