საფრანგეთის ქალაქ დიჟონში მიმდინარე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) საგაზაფხულო სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, OIV-ის მსოფლიო კონგრესს საქართველო 2027 წელს უმასპინძლებს.

საქართველომ განაცხადი, 2027 წელს გამხდარიყო OIV-ის მსოფლიო კონგრესის მასპინძელი ქვეყანა, ოფიციალურად 2025 წელს წარადგინა.

OIV-ის საგაზაფხულო სესიას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრება.

„OIV მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა. აღნიშნული გადაწყვეტილებით,  კიდევ ერთხელ ხაზი გაესმება საქართველოს როლს ღვინის კულტურის მსოფლიო რუკაზე, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყანაა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს  ქართული ღვინის პოპულარიზაციას და მისი სახელის დამკვიდრებას გლობალურ ბაზარზე“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ OIV-ის საერთაშორისო დონის ღონისძიებებს უკვე ორჯერ უმასპინძლა - 1962 წელს 33-ე საერთაშორისო კონგრესს, ხოლო 2010 წელს - ორგანიზაციის მე-8 გენერალურ ასამბლეას.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელიც 51 წევს ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს წევრ ქვეყნებში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში რეკომენდაციების შემუშავებას, ღვინის წარმოებისა და ყურძნის გადამუშავების პრაქტიკის გაუმჯობესებას, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შექმნასა და განვითარებას.