საქართველოს 17-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის - უმაღლესი სინჯისაც.
ქართველ მოკრივეთაგან საუკეთესო შედეგი ჰქონდა ნიკოლოზ ხიზანიშვილს (63 კგ), რომელმაც ყველა ორთაბრძოლა მოიგო. პირველ შეხვედრაში მან სერბი სტრაჰინია ფილიჩი დაამარცხა, მერვედფინალში მალტის წარმომადგენელ ნეილ ფრაუს მოუგო, მეოთხედფინალში ბერძენ დიმიტრიუს პავლუსს სძლია და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა - ნახევარფინალში უკრაინელი ბოგდან სმოლიაკი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლებაც მოიპოვა.
ხიზანიშვილი ფინალშიც საუკეთესო იყო: მან რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ გაჯიევს სძლია, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
ბრინჯაოს მედლების მოპოვებით საქართველოს ნაკრების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მათე ვოლოშინმა (57 კგ) და გოგონათა ნაკრების წევრებმა — ანასტასია ჩოკორაიამ (60 კგ) და ლიზა ლობჟანიძემ (70 კგ).
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს