საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც საერთო ევროპულ ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება.
აღინიშნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების დადებითი დინამიკა და გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენისა და დიალოგისთვის მზად არის.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.