არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს პოლიტიკურ პროექტს, როგორც ჩანს, აფინანსებს ევროსაბჭო, თუ აფინანსებს, მაშინ უნდა ჰქონდეს მთავრობის თანხმობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა არმაზ ახვლედიანის მიერ ორგანიზებულ სემინართან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსის მქონე პროექტი და სემინარი. სხვათა შორის, წლების წინ, ალბათ დაახლოებით 18 თუ 20 წლის წინ, მეც გახლდით ერთ-ერთ ასეთ სემინარებზე. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური პროექტი და დაისვა კითხვა, ვინ აფინანსებს, როგორც ჩანს, აფინანსებს ევროსაბჭო. არ ვიცი, მარტო თუ სხვებთან ერთად. თუ აფინანსებს, მაშინ უნდა ჰქონდეს მთავრობის თანხმობა. ეს არის პირდაპირ ჩვეულებრივი პოლიტიკური პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობს არმაზ ახვლედიანი და რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყო შესული. პოლიტიკოსი, რადიკალი პოლიტიკოსი და აფინანსებენ რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკურ პროექტს, რათა შემდეგ ტვინი გამოურეცხონ ადამიანებს თავისი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით.

19 წლის წინ სხვა მდგომარეობა და გარემოება იყო. ეს გარემოება დღეს შეცვლილია. არმაზ ახვლედიანი წინა მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყო შესული და ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის ანტიკონსტიტუციური პარტია. პარტიას რა მიზნებიც აქვს, რამდენჯერაც სცადეს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული გზით ხელში ჩაგდება, გასაგებია. ასეთ პოლიტიკოსს როდესაც პირდაპირ უფინანსებ პოლიტიკურ პროექტს, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დაფინანსება. ახლა უნდა გაირკვეს, ჰქონდათ თუ არა თანხმობა. ალბათ არის ორი შესაძლო ვარიანტი: გრანტი მიეცა ახვლედიანის ორგანიზაციას, რომელსაც თანხმობა სჭირდებოდა, არ აქვს თანხმობა და ეს არის კანონდარღვევა და მეორე: საინტერესო იქნება, თუკი ეს იქნება კანონის გვერდის ავლის რაიმე სქემა, რათა გვერდი აუარონ სანქციებს და ესეც იქნება კანონდარღვევა. ასე რომ, ევროსაბჭოს წარმომადგენლობას ახლა პასუხი აქვს გასაცემი ამ ძალიან მძიმე ბრალდებაზე, რომ არსებობს ეჭვი, ქართველი ხალხის და მათი კანონების გვერდის ავლით ხდება პოლიტიკური პროექტის დაფინანსება.

ჩემი ისტორია თუ გაინტერესებთ, ძალიან კარგად იცის ყველამ, ვინც იმ წელს სემინარში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იცის არმაზ ახვლედიანმაც. 2007 წელს გახლდით ამ პროექტის ღონისძიებაზე, როდესაც 7 ნოემბერი მოხდა.

7 ნოემბრის შემდეგ ის ექსპერტები, რომელიც ბატონ არმაზს ჰყავდა მოყვანილი, მათ შორის დღეს ზოგიერთი „ენჯეოებში“ რომ არის და ჭკუას გვარიგებს, როგორ იცავდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას, მე იქ რას ვეუბნებოდი, ყველას ძალიან კარგად ახსოვს. ასე რომ, მაშინაც ეს იყო იდეოლოგიური, მაშინ მშვენივრად ჩანდა ე.წ. მომხსენებლების პოზიციები 7 ნოემბერთან დაკავშირებით. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური პროექტი, რომლის დაფინანსებისთვისაც თანხმობა არის საჭირო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, „არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს დაფინანსებით გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, რომელსაც პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა. თუმცა, უცნობია "გრანტების შესახებ კანონის შესაბამისად არსებობდა თუ არა დაფინანსების საკითხზე თანხმობა .