ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების სკოლაში მიმდინარე სამუშაოს ადგილზე გიორგი ღურჯუმელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

400 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უტარდება.

სკოლა სრულად განახლდება და პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ეზო, სპორტული მოედნები, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის გადაწყვეტილებით, სკოლის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული თეატრის შენობის რეაბილიტაციაც დაემატა, რომელიც თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული არ იყო. რეაბილიტაციის შემდეგ შენობა კულტურის სახლის ფუნქციას შეასრულებს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი აქტივობების განხორციელების მნიშვნელოვან სივრცედ იქცევა.

სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.