პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობა შეგნებულად გაწირა და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არ გააფრთხილა.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე გამოკითხული ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებებიდან ირკვევა, რომ ხელისუფლებამ ომის დაწყების საფრთხის შესახებ იცოდა, თუმცა მოსახლეობის დროული ევაკუაცია არ განახორციელა.
მისივე თქმით, ეს არ ყოფილა შემთხვევითი შეცდომა ან სიტუაციის არასწორი შეფასება. სოზარ სუბარის განცხადებით, მოსახლეობის გაწირვის მიზანი ქართველებს, აფხაზებს, ოსებსა და რუსებს შორის შერიგების შეუძლებლად ქცევა იყო, რადგან მუდმივი კონფლიქტის პირობებში ქვეყანა ადვილად სამართავი ხდებოდა.
“2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით შეუძლებელია გვერდი ავუაროთ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გაკეთებულ შეფასებებს.
მაგალითად, გრიგოლ ვაშაძის ახსნა-განმარტება, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს, 2008 წლის ომის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი ჩაიბარა და პარალელურად ამაყობდა იმით, რომ რუსეთის მოქალაქე იყო და ჯიბეში რუსული პასპორტი ედო. მან საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა შემდეგი - ვციტირებ: „ყველამ ვიცოდით, ყველაზე გვიან 31 ივლისიდან, რომ მოსალოდნელი იყო საფრთხე და ომი იწყებოდა. მოსახლეობის დროული ევაკუაცია კი არ განვახორციელეთ იმის გამო, რომ ამით შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებოდით“.
ეს არის უმძიმესი აღიარება, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ სრულიად შეგნებულად გაწირა მშვიდობიანი მოსახლეობა და პირისპირ შეატოვა ოკუპანტს ისე, რომ არათუ მათი ევაკუაცია არ მოახდინა კონფლიქტის ზონიდან, არამედ არც კი გააფრთხილა ადამიანები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ“.
კომისიის სხდომაზე იმავე შინაარსის აღიარება გააკეთა გენერალმა ზაზა გოგავამ, რომელიც საომარი მოქმედებების დროს სარდალი და გენერალური შტაბის უფროსი იყო. მან თქვა - ვციტირებ: „ეს მე ვერ გავაკეთე, ვერ შევძელი [მოსახლეობის გაფრთხილება], არის ხანდახან ისეთი სიტუაცია, როდესაც ერთ კაცს ბევრის გაკეთება უწევს“. მართალია, გენერალმა გოგავამ თავის თავზე აიღო ეს უმძიმესი დანაშაული, რომ მოსახლეობა არ გააფრთხილა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რასაც მოჰყვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, მაგრამ, სინამდვილეში, მოსახლეობის გაფრთხილება არ არის სარდლის მოვალეობა, ამისთვის არსებობენ სამოქალაქო სამსახურები. ელემენტარულად, ინფორმაციის მიწოდება იყო საჭირო, რომ ადამიანები დროულად გამოსულიყვნენ საზღვრისპირა დასახლებული პუნქტებიდან.
ზუსტად იგივე დაადასტურა კომისიაზე გამოკითხულმა გენერალმა ყურაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ გენერალური შტაბი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა მისი გაფრთხილება ყურად არავინ იღო. ისიც დაამატა, რომ მას სურდა სააკაშვილთან საუბარი, მაგრამ რატომღაც ეს ვერ მოახერხა.
საგამოძიებო კომისიაზე იყვნენ ისეთი მოწმეებიც, რომლებიც გაცილებით მძიმე შეფასებას აძლევდნენ მომხდარს. ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არათუ არ გააფრთხილეს მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, პირიქით, არწმუნებდნენ ადამიანებს, რომ მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ. ერთი და იგივე სურათი იყო დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში, ახალგორში და კოდორის ხეობაში. მაგალითად, კომისიის სხდომებზე გამოკითხული კოდორის ხეობის წარმომადგენლები ყვებოდნენ, რომ იმ დროს კოდორის ხეობაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი სიმონ ქარჩაიძე იყო დანიშნული კოდორის ხეობაში კოორდინატორად, რომელიც მოსახლეობას არწმუნებდა, რომ მათ საფრთხე არ ელოდათ და მოუწოდებდა, დარჩენილიყვნენ ხეობაში.
მეორე მხრიდან, მე და რამდენიმე ადამიანი თბილისიდან ვურეკავდით და ვაფრთხილებდით, რომ საფრთხე რეალური იყო. იგივე უთხრეს მათ გაეროს მისიის წარმომადგენლებმა, რის შემდეგაც მოსახლეობამ დაიწყო ხეობის დატოვება. სხვა შემთხვევაში მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა.
ხელისუფლების ასეთ დანაშაულებრივ პოლიტიკას ცხინვალის რეგიონში 80-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა, რომლებიც დროული გაფრთხილების შემთხვევაში მშვიდობით გამოვიდოდნენ საომარი მოქმედებების ზონიდან. დიახ, ეს იყო შეგნებული დანაშაულებრივი პოლიტიკა, სამშობლოს შეგნებული ღალატის აქტი და არა მიუხვედრელობა ან რაღაცის ვერგათვლა. აქვე მინდა წავიკითხო ნაწყვეტი გენერალ ყურაშვილის ინტერვიუდან, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა. მაშინ გენერალი ამბობდა, რომ 2008 წელს კოდორის ხეობის უბრძოლველად დატოვება სამშობლოს ღალატი იყო. თუ ემზარ კვიციანი თავისი მცირერიცხოვანი რაზმით ახერხებდა ხეობის დაცვას, რატომ ვერ მოახერხა იგივე ათჯერ მეტმა, კარგად შეიარაღებულმა ქართულმა ჯარმა, რომელიც კოდორში იყო და ისე დატოვა იქაურობა, რომ ტყვია არ გაუსვრია?
დღემდე არ არის პასუხი გაცემული კითხვაზე - რატომ არ გააფრთხილეს და რატომ არ გამოიყვანეს მოსახლეობა? მართლა ის იყო მიზეზი, რასაც თავად ამბობდნენ, რომ ვერ მოასწრეს? არა, რა თქმა უნდა, სინამდვილეში ამის მიზეზი გაცილებით ღრმა და დანაშაულებრივი იყო. ეს იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და რუსებს შორის. ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, როდესაც კონფლიქტი პერმანენტულია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია. ქვეყანას აღარ შესწევს ძალა, გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა, იძულებულია, მუდმივად თვალებში შესციცინებდეს „გარე“ მეგობრებს. მეტი მსხვერპლი მეტ ბრაზს, მეტ ზიზღს გამოიწვევდა ადამიანებს შორის, რაც შერიგებას გაცილებით რთულს გახდიდა. ეს იყო მოსახლეობის გაწირვის მთავარი მიზეზი,”-განაცხადა სოზარ სუბარმა.